ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წინასაარჩევნოდ პოლიციის გადამზადებაში პრობლემას ვერ ხედავს.
„ამან საზოგადოებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში, SKYPE-ით თუ სხვა მეთოდით ჩატარებული ტრენინგი მისაღებია. საფრანგეთში არჩევნებს შს სამინისტრო ატარებს. წინასაარჩევნო პერიოდში, ტრენინგი ბევრს სჭირდება. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს. შეიძლება, ტურიზმის პოლიცია შეიქმნას, ან არჩევნების, ან სასკოლო დაწესებულებების პოლიციაც არსებობს, რომელსაც ქცევის განსაკუთრებული ნორმები უნდა ჰქონდეს. ოპოზიციის საუბარი უსაფუძვლოა. ბევრი მეუბნება, რომ თითებგადაჯვარედინებულები იღვიძებენ დილას, რომ არაფერი მოხდეს და ეს არჩევნები წყნარად ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, პოლიცია იქნება თუ სხვა ჩვენგანი, ყველა უნდა ეცადოს, რომ დაძაბულობის პრევენცია მოხდეს. თუ პოლიციას განსაკუთრებული თვისებები და ცოდნა ექნება წინასაარჩევნოდ თუ ტურიზმის სეზონისთვის, ამაზე ტრენინგები უნდა ჩატარდეს, როგორც ეს განვითარებულ დემოკრატიებში ხდება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შს მინისტრმა 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.
ბრძანების შესაბამისად, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს. საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას.