„უკვე მერამდენედ, ამ ქალის გამო, ქართული სახელმწიფო უხერხულობას ვერ მალავს საკუთარი ხალხის თუ დიპლომატიური წარმომადგენლების თვალში,“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.
მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საკუთარ უფლება მოვალეობებს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთით, რაღაცის სანაცვლოდ ასრულებს.
„საქართველოს მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი უფლება მოვალეობებს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთით, რაღაცის სანაცვლოდ აკეთებს. მას ამ დრომდე არ მიულოცავს ილჰამ ალიევისთვის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს, დილით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაურეკა ალიევს და მიულოცა ხელახლად არჩევა. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ცნობს ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს, პატივს არ სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და საკუთარ თავს საქართველოს პრეზიდენტის რანგში. უკვე მერამდენედ, ამ ქალის გამო, ქართული სახელმწიფო უხერხულობას ვერ მალავს საკუთარი ხალხის თუ დიპლომატიური წარმომადგენლების თვალში,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუკზე.