"სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხო ძალების დავალებების შემსრულებელს, თავი ახლა არ გაუყიდია, არამედ, მან თავი შარშან, მარტში გაყიდა, როდესაც ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის გამოყენება ამ კანონპროექტის წაუკითხავადვე წაახალისა," - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
ზურაბ ქადაგიძემ ისაუბრა აგენტოკრატების ხვედრზე და ამ თემის პარალელურად სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ნაბიჯები განიხილა.
„დასავლური ფულის თითოეული ბენეფიციარი მარტივად იშიფრება. ასეთია აგენტოკრატების ხვედრი - მათ არავინ ეკითხება, როგორ ფიქრობენ კონკრეტული პოლიტიკური საკითხის განვითარებას. არამედ, პირდაპირ, მათ დირექტივას აძლევენ, მაგალითად, ასეთს - მერე რა, თუ გახარია და ხაზარაძე ერთი წლის წინ მტრობდნენ ერთმანეთს, ახლა უნდა დასხდნენ, გააკეთონ ერთი პლატფორმა, მოიფიქრონ სახელი, ჩართონ პიარ-ტექნოლოგები, მიჰყვნენ სიტუაციას და შემდეგ დირექტივას დაელოდონ.
ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილს თავი ახლა არ გაუყიდია. მან თავი შარშან, მარტში გაყიდა, როდესაც ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონზე, რომელიც წაუკითხავად გააპროტესტებინეს საზოგადოებას (და რომელიც იყო უნიკალური და ქართული სივრცისთვის აუცილებელი - ადრე თუ გვიან, ეს კანონპროექტი ქართული კანონმდებლობისთვის საჭირო გახდება და შემდეგ პარლამენტში იგივე თუ არა, ანალოგიური კანონპროექტის ინიცირება იქნება შესაძლებელი), მიუხედავად იმისა, რომ მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა, კანონშემოქმედებით პროცესში ელემენტარულად ჩახედული იყოს, თვითონაც კი წაუკითხავად წაახალისა ამ კანონპროექტის გამოყენება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის. შემდეგ კი ყველაფერი ეტაპ- ეტაპ მოჰყვა: მხარი დაუჭირა აქციას, ახალგაზრდებს მოუწოდა მოქმედებების გაგრძელებისკენ, მისი შვილები უცბად გავლენიან თანამდებობებზე აღმოჩნდნენ; შემდეგ აიწყვიტა და ყველასთან შეუთანხმებლად დაიწყო საზღვარგარეთ ვიზიტები, რითაც კონსტიტუცია ღიად დაარღვია; ესეც არ იკმარა და ერთ-ერთ მედიაში ღიად განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნოდა; 26 მაისს გამოვიდა და ისეთი მავნებლობა ჩაიდინა, გმირი, ვაჟკაცი ჯარისკაცებისა და საზოგადოების წინაშე, რომ ამის გამეორებაც არ შეიძლება და ა.შ. ასეთ რაღაცებს არ კადრულობს უბრალოდ დილეტანტი ოპოზიციონერი, არამედ, ეს არის კონკრეტული დავალებების შესრულება. ახლა კი მისი დავალებაა, რომ კომპრომეტირებული ოპოზიცია შეკრიბოს, ისე, როგორც ნაგავს აგროვებენ - იქნებ ამ ნაგვიდან ხელჩასაჭიდი, ნორმალური პროდუქტი გამოიძერწოს“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.