"ეს არის ერთგვარად უნიკალური ფორმატი, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარეობის სახელით და ინიციატივით კონფერენცია იმართება ევროპარლამენტთან ერთად. მასში ევროპარლამენტის წევრები და ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები იღებენ მონაწილეობას და მოწვეულები ვართ, როგორც კანდიდატი ქვეყანა, "- ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ საპარლამენტთაშორისო კონფერენციის (SECG) შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებთან ერთად ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც არის ევროკავშირისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეხება ევროკავშირის ეკონომიკას, ერთიან ევროპულ ბაზარზე თანამშრომლობას და სოციალურ საკითხებს. შესაბამისად ეს არის ერთი-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა ვიმსჯელოთ და შევამზადოთ ევროკავშირის საბჭოსთვის შემდეგი გადაწყვეტილებები. მასში მონაწილეობას მიღებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე ევროკომისიის მაღალი რანგის თანამდებობის პირები. შესაბამისად, ეს არის ის საკითხები, რომელიც ევროკავშირში უმაღლეს დონეზე განიხილება. ამ ფორმატში კონკრეტულ საკითხებზე ხდება მსჯელობა, რაც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, რადგან ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც იხსნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რაც არის გამორჩეული შეთანხმება, რომელიც მაგალითად ბალკანეთის ქვეყნებს არ აქვთ და განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოს ევროკავშირის ბაზრით მონიჭებული შესაძლებლობები გამოვიყენოთ. რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ეს არ არის ამ კონფერენციის განხილვის თემა, თუმცა გარკვეულწილად დაკავშირებულია, რადგან ეხება ევროკავშირის ერთიან ბაზარში კანდიდატი ქვეყნების მონაწილეობას და სხვადასხვა მიმართულებით ჩართვას ევროკავშირის პოლიტიკაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელშია. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი მონაწილეობენ ევროპარლამენტში ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციის, მმართველობის შესახებ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში რომელიც წევრ ქვეყნებს და კანდიდატებს აერთიანებს. ორი დღის განმავლობაში საუბარი იქნება ეკონომიკურ მიმართულებებზე, გამოწვევებსა და მიზნების ერთად მიღწევის შესაძლებლობებზე, რაც მეტი სტაბილურობისა და კეთილდღეობას მომტანი უნდა იყოს ევროკავშირის წევრებისთვისა და პარტნიორებისთვის.