"სალომე ზურაბიშვილი არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური ერთობის შექმნის, არამედ რადიკალური ოპოზიციის შტაბის უფროსობისთვის იღწვის," - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი, არჩევნების დისკრედიტაციაა.
„სალომე ზურაბიშვილის მიზანი არ არის, რაიმე ერთობა შექმნას ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად. მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს. სამწუხაროდ ქალბატონმა სალომემაც და ბევრმა ოპოზიციის წარმომადგენელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეფერხებინა და ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენი ძალისხმევით მათ ამას ვერ მიაღწიეს. მეორე - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არა ევროინტეგრაციისთვის ოპოზიციური ერთობის შექმნის, არამედ რადიკალური ოპოზიციის შტაბის უფროსობისთვის იღწვის. ის ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანიც არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა, რადგან აპრიორი იციან, ამ არჩევნებში ოპოზიცია ვერ მიაღწევს ვერც დაშლილ ჯგუფებად და ვერც გაერთიანებულები იმ შედეგს, რომელსაც მათ სურთ რომ მიაღწიონ. ეს იციან და ატყუებენ თავის ამომრჩეველს, როდესაც ეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება იცვლება. მათი ერთადერთი მიზანია, მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია და არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყონ იმის ძახილი, თითქოს არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.