„საქართველოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იგივე სოციალური პირობები შესთავაზოს საკუთარ მოქალაქეებს, თუმცა, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, როგორ შეიძლება გავითვალისწინოთ ის გამოცდილებები, რაც არსებობს ევროკავშირის წევრებს შორის და რა პროცესები გაიარეს მათ იმისთვის, რომ ნაკლები ზიანი მივიღოთ სოციალური კუთხით“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძალიან ხშირად ხდება მოქალაქეების საქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით სპეკულაციები, მაშინ როდესაც სამუშაოს მაძიებლებს ეხება საუბარი, მაგალითად ზუსტად ევროკავშირის სივრცეში. ეს საკითხები არის ის, რაც ჩვენც გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ვიმუშაოთ იმგვარად, რომ არც საქართველოდან მოხდეს ტვინების გადინება და მუშა ხელის დაკარგვა და მეორე მხრივ, მაქსიმალურად გამოცდილების, ევროკავშირის პოლიტიკის გათვალისწინებით ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, რაც გააუმჯობესებდა ჩვენი მოქალაქეების სოციალურ პირობებს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტში დაგეგმილ კონფერენციაზე საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, წელს პირველად მონაწილეობს. ღონისძიებაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. კონფერენციაზე მსჯელობა იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, ერთიან ბაზარზე და კოორდინირებულად მუშაობასთან ერთად, გამოცდილების გაზიარებაზე.