ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი სამ დიდ ქალაქში გასტროლებს მართავს. პირველი სპექტაკლი - „ჯაყოს ხიზნები“, რომელიც რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ დადგა, მაყურებელმა თავისუფალ თეატრში ნახა. წარმოდგენას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გენადი შონია, ანი ანდღულაძე, გია სურმავა, რამინ კილასონია, შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, ნიკა კვარაცხელია, გუგა დვალიშვილი. მხატვარია ანანო დოლიძე, ქორეოგრაფი - ირინა კუპრავა.
XX საუკუნის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები - მიხეილ ჯავახიშვილის ეს ცნობილი რომანი, არც დღეს კარგავს აქტუალურობას და ახლებური ინტერპრეტაციით ცოცხლდება თეატრის სცენაზე. ეს ერთი კაცისა და ქვეყნის ამბავია. მაშინ, როდესაც მტერს არ სძინავს და უხსოვარი დროიდან ცდილობს, სათარეშო შარაგზად აქციოს ქართული მიწა, თეიმურაზ ხევისთავი თვლემს, თვალს იბრმავებს, არაფერი ესმის და ვერაფერს ამბობს. ხევისთავთა საგვარეულო მამული მოძალადეთა საკუთრებად ქცეულა, გამკითხავი კი არ ჩანს.
სპექტაკლი მაყურებელს უმოქმედობის სახიფათო შედეგებსა და პატარა ქვეყნის მძიმე ხვედრზე მოუთხრობს.
ფოთის თეატრის საგასტროლო ტურნეს ფარგლებში 28 თებერვალს ქუთაისის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი „ყვარვარე“, ხოლო 2 მარტს ბათუმის დრამატულ თეატრში მაყურებელი ნახავს ასევე საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლს - „ქარიშხალი“.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიესალმება თეატრების ნაყოფიერ და წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონის თეატრების პოპულარიზაციას.