„პრიორიტეტად რჩება ცხრა რეკომენდაციის განსაზღვრული ნაბიჯების შესრულება, იმედი მაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა მნიშვნელოვანი პროგრესი დავანახოთ უახლოეს თვეებში ჩვენს ევროპელ კოლეგებს“, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ასეთია „ქართული ოცნების“ სურვილი, ასეთია ხელისუფლების მიზანიც, სწორედ ამიტომ განისაზღვრა სამოქმედო გეგმა დეკემბერშივე და სწორედ ამიტომ დაიწყო მისი შესრულება და მსჯელობა იმ საკითხებზე უკვე საქართველოს პარლამენტში გაფართოებულ ფორმატში. მეორე შეხვედრა გაიმართება სულ მალე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის ფორმატი და ის ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს მსჯელობას და პროგრესს 9 ნაბიჯის მიმართულებით“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა წელს პირველად მონაწილეობს. ღონისძიებაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვიდა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.