„ოპოზიცია მიხვდა, რომ საარჩევნო დღეს იმდენად გამჭვირვალედ ჩატარდება არჩევნები, რომ სპეკულაციებისთვის სივრცე არ დარჩებათ და ვერაფერს მოახერხებენ. ახლა გადავიდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაციაზე, ეს იქნება მათი მავნებლური პიარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, როგორც ბოლო პერიოდში და გაცილებით უკეთესი ხარისხით, იმიტომ, რომ ამას არჩევნების ელექტრონული ფორმა უზრუნველყოფს, ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ დღენიადაგ ვხვეწთ საარჩევნო მექანიზმებს და მათ შორის ეს კანონმდებლობის საფუძველზეც ხდება. ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელსაც თავისუფლად, გადაჭარბების გარეშე, თუ ვინმე ამას ობიექტურად შეაფასებს, შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, თავისი საგარანტიო მექანიზმებით. მას დაემატა ელექტრონული არჩევნების ჩატარების ვალდებულება. შესაბამისად, ეს აწევს გამჭვირვალობის ხარისხს. რაც შეეხება ოპოზიციის ნარატივს, ისინი მიხვდნენ, რომ საარჩევნო დღეს იმდენად გამჭვირვალედ ჩატარდება არჩევნები, რომ სპეკულაციებისთვის სივრცე არ დარჩებათ და ვერაფერს მოახერხებენ. ახლა გადავიდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაციაზე, ეს იქნება მათი მავნებლური პიარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი“, - აღნიშნა მდინარაძემ.