logo_geo
eng_logo
შსს-ს ინფორმაციით, დიღომში მომხდარი მკვლელობა ძველ ვალს უკავშირდება
- +

17 თებერვალი. 2016. 12:47


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიღომში, გუშინ მომხდარი მკვლელობა ძველ ვალს უკავშირდება. სამინისტროს ცნობით, პირი, რომელმაც დიღომში ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანს ესროლა, დაკავებულია. შსს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ფაქტს გახსნილად აცხადებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული დავით ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში მივიდა და წარსულში არსებული ვალის გამო მეპატრონეებთან, ძმებთან - ზურაბ ბ-სა და გიორგი ბ-თან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დავით ბ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1967 წელს დაბადებულ ზურაბ ბ-ს, ხოლო 1970 წელს დაბადებული გიორგი ბ. ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზურაბ ბ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი ბ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია", - აღნიშნულია განცხადებაში.


შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დავით ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დიღმის მასივში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ამოიღო. თანმხლები პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner