logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი: კოალიცია ოქტომბრის არჩევნებისთვის იგივე შემადგენლობით იქნება
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

12 მარტი. 2016. 12:49



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა „რეპორტიორის" პრეს-კლუბში გამართულ  ბრიფინგზე აღნიშნა,  რომ დიდი სურვილი აქვს, ოქტომბრის არჩევნებისთვის კოალიცია  „ქართულ ოცნება" იგივე შემადგენლობით დარჩეს და მისი აზრით,  ასეც იქნება.


„ჩემი აზრით,  კოალიცია ოქტომბრის არჩევნებისთვის იგივე შემადგენლობით იქნება, რა შემადგენლობითაც მოვედით წინა არჩევნების დროს და მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. ზოგადად ამ ქვეყანაზე  ყველაფერი ხდება, მაგრამ სურვილი რომ კოალიცია ერთიანი იყოს, მის ყველა სუბიექტს აქვს. ცალკეული დებუტატები რომ საუბრობენ, (ერთ- ორი მყავს მხედველობაში) ისინი მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავენ და არა ზოგადად რომელიმე ფრაქციისას.   

ვფიქრობ,  კოალიციას არაფერი ემუქრება და ის ცალკეულ დეპუტატებს შორის დაწყებული პატარა შეხლა- შემოხლაც ნელ-ნელა ჩაწყნარდება.  ვფიქრობ, ეს კონფლიქტიც არ უნდა მომხდარიყო, რადგან პირად ურთიერთობაში ყველაფრის მოგვარება და გარკვევა შეიძლება, და არა საჯარო სივრცეში. როდესაც კოალიციაზეა საუბარი, რაღაც-რაღაცეებზე შეთანხმება უნდა ხდებოდეს.  ასევე ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენ პოლიტიკოსების გარდა ქართველებიც ვართ და ზოგჯერ თავს უფლებას ვაძლევთ,  რაღაც ზედმეტიც ვთქვათ.  მაგრამ მე მაგალითად, ვცდილობ, ყველაფერი მოვაგვარო ისე, რომ საჯარო მსჯელობის საგანი არ გახდეს " ,  - აღნიშნავს ჭკუასელი.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მთავრობაში სავარაუდო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც გარკვეულ სამინისტროს გაცილებით უკეთ გაუძღვება, ვიდრე  დღეს არსებული მინისტრი, ასეთ ცვლილებას მხოლოდ მიესალმება.



„თუ კარგად გავიხსენებთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ავირჩიეთ, მან თქვა, რომ ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება. სიტყვა - ამ ეტაპზე ნიშნავს, რომ  რაღაც ეტაპზე იგეგმება, მაშინ იტყოდა რომ საერთოდ არ გეგმავდა ცვლილებას. ეს მისი პრეროგატივაა.  ამ წუთში ბატონი გიორგი რას ფიქრობს -  მე ვერ გეტყვით, მაგრამ  უახლოეს პერიოდში ცვლილებები ნამდვილად არ იგეგმება.

მე გამოვდივარ იმ პრინციპიდან,  რომ თუ გამოჩნდა ადამიანი,  რომელიც გარკვეულ სამინისტროს გაცილებით უკეთ გაუძღვება, ვიდრე  დღეს არსებული მინისტრი, „მჯობნის, მჯობნი არ დაილევაო"  , რა თქმა უნდა, ასეთ ცვილილებას  მივესალმებით კიდეც და ამაში ტრაგედია  არ არის, " -  აცხადებს თემურ ჭკუასელი.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner