„რაც არ უნდა ახალი ბრენდით, განსხვავებული სახელწოდებებით იჟონგლიოროს ვინმემ, ბუნებრივია, აქ შინაარსი გახლავთ აბსოლუტურად ერთი და იგივე“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„პოლიტიკურმა სპექტრმა რომ დაიჯეროს და თქვას, კი, ეს არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საერთოდ შეხება არ ჰქონია „ნაციონალურ მოძრაობასთანო“, საზოგადოება ხომ არ არის ასეთი გულმავიწყი?! რაც არ უნდა ახალი ბრენდით, ახალი, განსხვავებული სახელწოდებებით იჟონგლიოროს ვინმემ, ბუნებრივია, აქ შინაარსი გახლავთ აბსოლუტურად ერთი და იგივე, პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, ეს არის შეუსრულებელი მისია ისეთი ხალხისგან, რომელიც თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ნიკა გვარამიას განაცხადი, რომ ახალ გუნდს ახალი სახეებით შექმნის, აეჭვებს პოლიტიკურ სპექტრს. მმართველი გუნდისთვის გვარამია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი, ვერ შეძლებს პარტიისგან გამიჯვნას. ამას, მათივე თქმით, ის სახეები ადასტურებს, რომლებიც მან შემოიკრიბა. სახელისუფლებო პარტიის ამ პოზიციას იზიარებს ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილიც, რომლებიც ნიკა გვარამიას წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას ახსენებენ.