logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილმა კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელთან საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა
- +

13 თებერვალი. 2024. 16:36

 

 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელ მუჰამედ ალი რაშედ ალაბართან კორპორაციის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობის საკითხები განიხილა. შეხვედრა ლევან დავითაშვილის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, მასში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ასევე ყურადღება გამახვილეს ლიბერალურ საგადასახადო სისტემასა და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს კორპორაცია Emaar Properties-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე.   

 

აღსანიშნავია, რომ Emaar Properties-ი უძრავი ქონების განვითარების მულტიეროვნული კომპანიაა, რომელიც აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და მილიარდობით აქტივებს ფლობს მსოფლიო მასშტაბით, მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი კი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის – „ბურჯ-ხალიფას“ მფლობელია. როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ისეთი მსხვილი კორპორაციის შემოსვლა, როგორიცაა Emaar Properties, დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, საქართველოსადმი ნდობას არამხოლოდ საამიროებში, არამედ ყურის და სხვა ქვეყნებში.

 

„ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში მსგავსი რანგის კომპანიის  შემოსვლა, რომელიც ეკონომიკის ბევრი მიმართულებით, ერთიანი პროექტის ფარგლებში განახორციელებს მსხვილ ინვესტიციას. ეს დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალ მიმართულებებზე“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

კორპორაცია Emaar Properties-ის დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რჩება საინვესტიციოდ ერთ-ერთ საინტერესო და მოწინავე მიმართულებად, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმის და ავიაციის კუთხით. მუჰამედ ალი რაშედ ალაბარის განცხადებით, მსგავსი სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას, ასევე გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner