ყოფილმა პოლიტპატიმარმა ნანა თხელიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეში მომხდარ შემზარავ ფაქტებზე ისაუბრა. თხელიძის თქმით, რეჟიმმა პატიმარი ქალები მიზანმიმართულად „შესვა" ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე, რათა პატიმრების დამორჩილება შეძლებოდა.
„სააკაშვილის რეჟიმმა პატიმარი ქალების ერთი ნაწილი მიზანმიმართულად „შესვა" ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე. ეს იყო პატიმრების დამორჩილების, მათი მართვის ერთგვარი ფორმა - პრეპარატები დროთა განმავლობაში შეჩვევას იწვევდა და სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. როდესაც პატიმარს წამლის მიცემას შეუწყვეტდნენ, მას ეწყებოდა სტრესი და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხდებოდა, ყვირილით ითხოვდა წამლის მიღებას, რის გამოც კარცერში სცემდნენ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ერიდებოდნენ!", - განაცხადა ნანა თხელიძემ.
როგორც თხელიძემ აღნიშნა, ციხეში შესულ ახალ პატიმარ ქალებს ისე ექცეოდნენ, რომ ახალმოყვანილები მზად იყვნენ, ხელი ყველაფერზე მოეწერათ.
„მაყურებელი ქალების ციხეში არ იყო, თუმცა, ადმინისტრაცია მუდმივად სარგებლობდა პატიმრებს შორის საკუთარი აგენტების ინფორმაციებით და მათზე დაყრდნობით პატიმარი ქალების მართვას ცდილობდა. ყურადღება უნდა გამახვილდეს ციხეში ახალი პატიმარი ქალის გამოჩენაზე. ციხე ხომ განსაკუთრებული ინსტიტუტია, სადაც გაუცნობიერებელ ადამიანს, მითუმეტეს - ქალს, სრულიად განსხვავებული წესები ხვდება, ვიდრე თავისუფლებაზე. და აი, ისედაც გაოგნებულ, ციხეში ახლად მოხვედრილ ქალზე ადმინისტრაციისთვის თუ საგამოძიებო ორგანოებისთვის სასურველ ზემოქმედებას იწყებდნენ აგენტი პატიმრები! ისეთ დღეში აგდებდნენ, რომ ახალმოყვანილი მზად იყო, ყველაფერზე მოეწერა ხელი! ამ ფუნქციის შესრულების სანაცვლოდ, ადმინისტრაცია მართულ პატიმრებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებდა. ფილმში ეს ეპიზოდები აუცილებლად უნდა აისახოს!" - განაცხადა ნანა თხელიძემ.