ევროკავშირმა და სომხეთმა თანამშრომლობის „ახალ, ამბიციურ პროგრამაზე“ დაიწყეს მუშაობა. ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება ჩვენი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ ეტაპში საერთო ინტერესის ძლიერი სიგნალია. საუბარია მომავალზე, მომავალი კი დღეს იწყება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, უახლოეს თვეებში ბრიუსელი და ერევანი დიალოგის განვითარებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში გეგმავენ. შეხვედრამ კი აჩვენა, რომ ევროკავშირსა და სომხეთს შორის კავშირები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და მათი მომავალი განვითარების ინტერესი არსებობს.
თავისი მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს შესრულებულად თვლის და „ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების დროა“. თუმცა ბორელი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში პროგრესის მისაღწევად ერევანმა რეფორმები უფრო აქტიურად უნდა გაატაროს.