“მინდა გამოვეხმაურო ზაარბრუკენის მოედანზე დადგმული დროებითი ძეგლის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ფონდს ჰყავს თავისი მენეჯმენტი და ამ სფეროში მოღვაწე დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ლოკაციაზე, კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი. შედეგად, უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს ნამუშევრები დროებით იფინება კონკრეტულ საჯარო სივრცეებში. ფონდი მომავალშიც გეგმავს კონკურსების გამოცხადებას და ხელოვანების ხელშეწყობას.
ჩემთვის პირადად სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ამ ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოყვა და ეს საკითხი ასეთი აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არა, მე პირადად მომწონს ეს ქანდაკება, თუმცა მთავარი ის არის, რომ ამ ნამუშევარმა გამოიწვია დისკუსია, რაც სახელოვნებო სფეროს განუყოფელი ნაწილია და ეს მხოლოდ მისასალმებელია.
ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რაოდენ საჭირო და დროული იყო ასეთი ინსტიტუციის გაჩენა თბილისში.
წარმატებას ვუსურვებ ფონდს და ყველა არტისტს ვინც მონაწილეობს ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და ყველას გვერდში დავუდგები ვინც თბილისისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა კალაძემ.