logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე, რომელი ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი
- +

14 თებერვალი. 2024. 12:07

 

 

„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდს ჰყავს კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე, რომელი არტისტის ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საჯარო სივრცეებში არტისტების ნამუშევრები დროებით იფინება, რაც ხელოვანების საქმიანობას უწყობს ხელს.

 

„მინდა, გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დროებით განთავსებული ქანდაკების საკითხს. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაციის განთავსებაა მიზანშეწონილი. შედეგად, უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ქანდაკების ირგვლივ გამოწვეული აზრთა სხვადასხვაობა მისასალმებელია და მსგავსი დისკუსია ხელოვნების განუყოფელი ნაწილია.

 

„სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ამ ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი საზოგადოებისთვის ასეთი აქტუალურია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა,  თუ რაოდენ საჭირო და დროული იყო თბილისში ასეთი ინსტიტუციის გაჩენა. წარმატებას ვუსურვებ ფონდს და ყველა არტისტს, ვინც მონაწილეობს გამოცხადებულ კონკურსებში. ყველას გვერდში დავუდგები, ვინც თბილისისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner