საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „EMITT 2024“ მიიღო მონაწილეობა.
სტამბოლის გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
გამოფენის ფარგლებში, თურქეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, შეხვედრები გაიმართა თურქ ტუროპერატორებთან, მოეწყო პრეზენტაცია და საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება.
3-დღიან გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 595 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია, ასევე 150-ზე მეტი ტუროპერატორი ესწრებოდა. „EMITT 2024“-ს 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.