საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა რუმინეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან გამართა. მინისტრმა რაზვან როტუნდუსა და ვიცე-პოლკოვნიკ ოვიდიუ პისკოჩუს რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, თავდაცვის სფეროში წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში რუმინეთის როლი და აქტიური მონაწილეობა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სხვადასხვა, მათ შორის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით არსებული მჭიდრო, თანმიმდევრული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება.