“პირველად არ ხდება, როცა ლობისტური საქმიანობის შედეგად საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა არაერთი დეპუტატი, როცა ხმა მისცეს ისეთ რაღაცას, რაც გასკდა, რომ დაფინანსებული ყოფილა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში არსებულ ერთ-ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით.
“ციტატა არის ამოღებული და წყაროს უნდა გაჰყვეთ. სხვათა შორის, დავინტერესდი, რა როგორ მოხდა და აღმოვაჩინეთ, რომ მაინც და მაინც შორს მდგომი ხალხი არ არის „ნაციონალური მოძრაობისგან“, რაც ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. იმ ხალხს, ვის ციტატებზეც არის საუბარი, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც თუ მცირე შეხება ჰქონიათ. მათ საკუთარი განწყობა არაერთხელ დაუფიქსირებიათ. კვალის აღმოჩენა შეუიარაღებული თვალითაც შესაძლებელია. პირველად არ ხდება, როცა ასეთი ლობისტური საქმიანობის შედეგად საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა არაერთი დეპუტატი, როცა ხმა მისცეს ისეთ რაღაცას, რაც გასკდა, რომ დაფინანსებული ყოფილა. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო. საქართველოს მიმართ უსაფუძვლო, არასწორი თავდასხმებია და ხშირ შემთხვევაში, უსინდისო, რაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სერიოზული დამაბრკოლებელია ქართულ და ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პროცესში. სხვა საკითხია, ეს ვის ინტერესში შედის.
ასეთი წინაღობები ხელოვნურად როცა ჩნდება და თან იმ ადამიანებისგან, ვისაც „ნაცმოძრაობის“ მიმართ ღიად აქვთ დაფიქსირებული დიდი სიმპათია, ეს პრობლემურია. ვისთვისაც მართლაც ღირებულია, რომ სწორი დამოკიდებულება არსებობდეს საქართველოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს შორის, ვალდებულია, ამის თაობაზე იმუშაოს, რომ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილზე არასწორი წარმოდგენა არ არსებობდეს. ვისაც ხელშეშლა უნდა, ის სწორედ ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძემ მიუნხენის კონფერენციაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის საკითხზეც გააკეთა კომენტარი.
„რაზე უნდა ისაუბროს? – ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაზე. მისი პატრონები რასაც ჩათვლიან, რომ რელევანტური იქნება ოპოზიციის დასახმარებლად, იმაზე ილაპარაკებს. სალომე ზურაბიშვილი თავს ვალდებულად არც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას დაემორჩილოს, ეს დასანანია. ოპოზიცია გულშემატკივრობს პრეზიდენტის მხრიდან ასეთ ბიჰევიორისტიკას, რომ კონსტიტუციას პატივს არ სცემდეს და ზევიდან დადიოდეს. მას თუ ჰგონია, რომ ავტორიტეტს შესძენს, ძალიან ცდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.