logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: მივესალმებით საქართველოში სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლას და პროცესებში აქტიურ მონაწილეობას
- +

14 თებერვალი. 2024. 16:03

 

 

მივესალმებით საქართველოში სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლას და ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, არჩევნებზე ელექტრონული მთვლელების გამოყენებით, მაქსიმალურად გამოირიცხება რადიკალებისთვის ყოველგვარი სპეკულაციების შესაძლებლობები.

 

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს მზაობას, რომ ფართოდ, ღია კარი გავუღოთ სადამკვირვებლო მისიებს. ჩვენ მივესალმებით მისიების ჩამოსვლას და ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას. „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი შენაერთებისგან განსხვავებით, ჩვენ ორიენტირი გვაქვს, რომ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით ჩატარდეს ეს არჩევნები. სრულიად ახალი საშუალებებით მოხდება ამ არჩევნების ჩატარება. ეს ეხება პირველ რიგში, ელექტრონული მთვლელების გამოყენებას, რომელშიც ქვეყნის ფარგლებში, ჩვენი ამომრჩევლების 90% მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მაქსიმალურად გამოირიცხება რადიკალებისთვის ყოველგვარი სპეკულაციების შესაძლებლობები, რადგან ისინი ყოველთვის ორიენტირებულნი არიან პროცესების საბოტაჟზე, დაზიანებაზე, ერთადერთი მიზნიდან გამომდინარე. ეს მიზანი არის ის, რომ მათ იციან, რომ ისინი ამ არჩევნებს აგებენ და თავიდანვე ყველაფრის პროვოცირებაზე არიან ორიენტირებულნი, რაც, რა თქმა უნდა, ვერ გამოვა. არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით და თითოეული ხმა დაცული და უზრუნველყოფილი იქნება, რა არჩევანსაც ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადება, თითქოს დამკვირვებლების მოწვევა საგარეო უწყებას მათ მოსთხოვეს, სპეკულაციური ხასიათისაა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ეს განცხადება სპეკულაციური ხასიათისაა და კიდეც ერთხელ აჩვენებს, რაოდენ ცდილობენ, ყველაფრის გამოყენებას სპეკულაციური და არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებისთვის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის გეგმა, რომელიც დეკემბერში გასაჯაროვდა და რომელიც მანამდე ევროკომისიასთან კომუნიკაციაში იყო, ზუსტად შეიცავდა იმ კონკრეტულ პუნქტს, სადაც ეწერა, რომ თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებდა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ მოწვევას. ეს პუნქტი, ისევე როგორც სხვა პუნქტები, სარჩევნო მიმართულებით განხორციელდა და იმის განცხადება, რომ თურმე ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობის შედეგი ყოფილა, არის სრული აბსურდი, დეზინფორმაცია და მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოებას თავი წარმოუჩინონ, როგორც რაღაცაზე მზრუნველმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რაც რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

არჩევნებზე დამკვირვებელთა მოწვევის მიზნით, საგარეო უწყებამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს წერილით მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner