„ოპოზიცია არის შინ გაკოტრებული და გარეთ ხავსს ეჭიდება. მათ არჩევნების იმედი არ აქვთ, ამიტომ დასაყრდენს გარეთ ეძებენ და გარეთ ატარებენ საარჩევნო კამპანიებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში რეალობას აცდენილია.
„ამერიკის მთავრობამ პირდაპირ მტკიცებულებები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ საქართველოს გაშავებაში მილიონებს იხდიდნენ. როგორც ჩანს ეს კონტრაქტები ჯერ არ არის ამოწურული. კიდევ რჩებიან მწერლები და მოსაუბრეები, გაზეთები, ტელევიზიები და ევროპარლამენტში პოლიტიკოსები, რომლებიც ანტიქართული რიტორიკით გამოირჩევიან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაებლოკათ იმის ფასად, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო. როგორც ჩანს ამ ხალხს კონტრაქტები ჯერ ამოწურული არ აქვთ, კვლავ წერენ და კვლავ ცდილობენ იმ ცრუ ნარატივის გავრცელებას, რომელსაც წინა წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.
მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი ანგარიშიც სწორედ ამის დასტურია. ის აცდენილია რეალობას, რადგან ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც საქართველოში ევროპული მომავალი, ადამიანის უფლებების პატივისცემა და არჩევნები დააბრუნა. ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა ამ წლების განმავლობაში, რომელიც თვითონ ევროკავშირმა აღიარა, როდესაც ჩვენ სტატუსი მოგვცა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.