სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინტერნეტში გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მოპოვებასთან კავშირს უარყოფენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს"" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს აღნიშნულ ჩანაწერთან სუს-ს რაიმე კავშირი აქვს.
„ეს ბრალდება არის უსაფუძვლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე სახის კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან. თუ ვის მიერ იქნა მოპოვებული და გავრცელებული აუდიოჩანაწერი, გამოძიება დაადგენს. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო", -აცხადებენ სუს-ის პრესსამსახურში.
ინტერნეტში ვრცელდება ჩანაწერი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.
ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს „გირჩის" წევრების იმ პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც „ქართულ ოცნებასთან" კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება".