„მამუკა ხაზარაძე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეკეტის ერთ-ერთი მთავარი აქტორი და ორგანიზატორი იყო, როდესაც ბიზნესმენებს ატერორებდნენ და უკანონოდ ართმევდნენ ქონებას“, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მართალია, ხაზარაძის და „ლელოს“ მავნებლური პიარით ამ პარტიაზე და ადამიანზე უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე სხვაზე, მაგრამ ის ბანერი, სადაც საკუთარი საარჩევნო ნომრით შუბლის გახვრეტის იმიტაციაა, უკვე პირდაპირ ბოლშევიკური დახვრეტების იმიტაციას იწვევს საზოგადოებაში. სინამდვილეში, „ლელოც“ ისეთივე „ნაცმოძრაობაა“, როგორც ეს პარტია. ისინი ყველანი ერთად არიან „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. თუ მათ ბიოგრაფიებს გავიხსენებთ, ხაზარაძე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეკეტის ერთ-ერთი მთავარი აქტორი და ორგანიზატორი იყო, როდესაც ბიზნესმენებს ატერორებდნენ და უკანონოდ ართმევდნენ ქონებას, მათ შორის შუაღამით იტაცებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ აწერინებდნენ ათას საშინელებაზე ხელს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.