„ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მიზანი არის არა გამართული კანონმდებლობა ან ცესკოს დაკომპლექტება, არამედ პირიქით - ეს ორგანიზაციები შეკრულები არიან ოპოზიციასთან იმ მიზნით, რომ ცესკო არ დაკომპლექტდეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ასეთი განცხადებები სასაცილო და უპასუხისმგებლობაა. შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციამ, რომელიც ახლა ითხოვს, რომ კანდიდატის შერჩევის კომისია კვლავ დაბრუნდეს პრეზიდენტთან, თავად გამოუცხადა ბოიკოტი, როდესაც ეს კომისია პრეზიდენტთან იყო. სასაცილოა, ახლა რომ ითხოვენ პრეზიდენტთან დაბრუნებას. ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს - მათი მიზანი არის არა გამართული კანონმდებლობა ან ცესკოს დაკომპლექტება, არამედ პირიქით - ეს ორგანიზაციები შეკრულები არიან ოპოზიციასთან იმ მიზნით, რომ ცესკო არ დაკომპლექტდეს და 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს იმ პირობებში, როცა ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სრული ვადით არჩეულები. ეს მიზანი აქვს ოპოზიციას და რამდენიმე „ენჯეოს“. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს არის საუკეთესო მაგალითი მანკიერი წრისა, რომელიც ხანდახან იკვრება ხოლმე. ვენეციის კომისიას არც ერთი საკუთარი მოსაზრება ან არგუმენტი არ აქვს მოტანილი ძველი წესის აღდგენასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ეყრდნობა მხოლოდ ერთადერთ რამეს - 19 აპრილის შეთანხმებას და ყოველ ჯერზე მიუთითებს, რომ თუკი თქვენ რაღაც წესზე შეთანხმდით, მაშინ კარგია, თუ შეთანხმებულ წესს გააკეთებთ, თუ ყველა არის კმაყოფილი. ჩვენი პასუხი არის მარტივი: 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს, ის ანულირებულია. შესაბამისად, ვენეციის კომისიის არგუმენტიც არ არსებობს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.