“სალომე ზურაბიშვილს საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც როგორც უნდა ისე მოიქცევა”, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე“.
„ირაკლი კობახიძეს მომავალ კვირაში პირველი ვიზიტი ექნება ბრიუსელში. ზოგადად, პირველ ვიზიტს აქვს უდიდესი მნიშვნელოვაბა. მე როდესაც გავხდი პარლამენტის თავმჯდომარე ჩემი პირველი ვიზიტიც მაშინ იყო ბრიუსელში. ამიტომ ეს არის გარკვეულწილად სიმბოლური აქტიც, როდესაც უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი პირი აკეთებს გზავნილს საკუთარი პირველი ოფიციალური ვიზიტითაც. ასე რომ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით კარგია, რომ ირაკლი კობახიძეს ოფიციალური შეხვედრები ბრიუსელში აქვს, როგორც NATO-ში, ასევე ევროკავშირში. რაც შეეხება თავად „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას“, საქართველო წარმოდგენილი იქნება მაღალ დონეზე საგარეო საქმეთა მინისტრის სახით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში“ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზეც.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს. ის არ წარმოადგენს იქ საქართველოს. ეს არის მისი კერძო პირის ყოფნა იქ, რაც კიდევ კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც როგორ უნდა ისე მოიქცევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.