„ეხო კავკაზა“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ცალკე მოიხსენიებს. ამიტომ, ეს აჩვენებს ამ რედაქციის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ მედიაში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაზე კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, „რუსული ნარატივის გამტარებელ მედიაზე“ კომენტარს ვერ გავაკეთებს.
„უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ, რომ ე.წ. ეხო კავკაზა არის ის მედია, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ცალკე მოიხსენიებს და ის გახლავთ, როგორც იცით, ასევე ამერიკის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და ეს არის დიდი სირცხვილი, რომ „ეხო კავკაზა“ ცალკე მოიხსენიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ამიტომ, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას, ამ რედაქციის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, სერიოზულად კომენტირება მათი რაიმე რეპორტაჟების რთულია, რადგან მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ცხადია. შედით მათ ვებგვერდზე, ნახეთ, როგორ ჰყავთ მონიშნული და როგორ მოიხსენებენ აფხაზეთს თუ სამხრეთ ოსეთს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ასეთი რუსული ნარატივის გამტარებელ მედიაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.