logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე: ისინი არჩევნებზე მეტად არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან და „გაყალბებულ არჩევნებზე“ ახლავე იწყებენ საუბარს, რაც შედეგიანი მათთვის არც ამ შემთხვევაში არ იქნება
- +

15 თებერვალი. 2024. 12:39

 

 

„ავანსცენაზე გამოვიდნენ მწამებლები, მევახშეები, უსამშობლოები, ყველაფრის მკადრებლები და წარმოდგენას დგამენ - ეს ყველაფერი უნიჭო სატყუარაა, რაზეც საზოგადოება არ „წამოეგება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

 

დიმიტრი ხუნდაძე განცხადებაში ქართული რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ნაბიჯებს მიმოიხილავს.

 

„გლობალურმა ომის პარტიამ, ადგილობრივი აგენტურის - რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით, განიზრახა ქართველ ხალხს საქართველოს სუვერენიტეტი ჩამოართვას და ამისათვის შტურმი ბიძინა ივანიშვილზე მიიტანეს. ავანსცენაზე გამოვიდნენ მწამებლები, მევახშეები, უსამშობლოები, ყველაფრის მკადრებლები და წარმოდგენას დგამენ, თითქოს „ლელო“ „ნაცმოძრაობას“ ემიჯნება, პრეზიდენტი მესამე ძალას ქმნის და გახარია „ზურგით დგას“ რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს ყველაფერი უნიჭო სატყუარაა, რაზეც საზოგადოება არ "წამოეგება". ისინი ერთიან, დიახ, ერთიან „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ. ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან იმის გამო, რომ ის მათთვის კედელი აღმოჩნდა. ეს „კედელი“ 2012 წელს მან ხალხთან ერთად ააგო და მყარ ფუნდამენტზე დგას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, რეალურ სუვერენიტეტს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ქვეყნის უწყვეტ, მრავალმხრივ განვითარებას.

 

უსამშობლობა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უპირობო მორჩილება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების პირდაპირ ეთერში დევნა, ქუჩაში განაჩენები,და ქართველი ხალხის ღირსების აყრა, საქართველოში ვეღარ დაბრუნდება. ამის გარანტი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წელს ხალხთან ერთად უკვე მოგებული ბრძოლაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისევ ხალხთან ერთად 2024 წელსაც არჩევნებში კიდევ ერთხელ დაიცავს. ის, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი აუცილებლად მოიგებს, ეს ოპოზიციამაც და მათმა პატრონებმაც კარგად იციან. ამიტომ ისინი არჩევნებზე მეტად არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან და „გაყალბებულ არჩევნებზე“ ახლავე იწყებენ საუბარს, რაც შედეგიანი მათთვის არც ამ შემთხვევაში არ იქნება“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner