logo_geo
eng_logo
ილია თოფურიას პრესკონფერენცია საჩემპიონო ბრძოლის წინ: ალექსანდრ ვოლკანოვსკი დიდებული ჩემპიონი იყო
- +

15 თებერვალი. 2024. 13:46

 

 

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ისტორიაში პირველად, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ქართველი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება.

 

ბრძოლის წინ 27 წლის ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მან ავსტრალიელის მიღწევა წარსულ დროში მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის დიდებული ჩემპიონი იყო.

 

„ამ ბრძოლისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც ყოველთვის ხდება. მძიმე დაპირისპირებისთვის მზად ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და 17 თებერვალს (თბილისის დროით 18 თებერვალს) გავიმარჯვებ.

 

თითოეულ ასპექტში მასზე უკეთესი მებრძოლი ვარ. ის UFC-ის ქვემსუბუქი წონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ყველას სამუდამოდ ემახსოვრება, ის დიდებული ჩემპიონი იყო.

 

ამ დაპირისპირებაში პირველივე რაუნდში ნოკაუტით გავიმარჯვებ. ახლა იმაზე არ ვფიქრობ, რომ აქამდე წაუგებლად მოვედი, ეს ჩემზე არ მოქმედებს. ჩემი გზით მივდივარ, საკუთარი თავის ნდობას არასდროს დავკარგავ. ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, იმით, რაც მაქვს და ამ ბრძოლის შემდეგაც ეს ასე იქნება.

 

გამარჯვების შემდეგ UFC-ის ისტორიაში ქვემსუბუქი წონის ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონის სახელით შევალ. ისე დამიმახსოვრებენ, როგორც ეს ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შემთხვევაშია.

 

რამდენიმე წლის წინ აქ, ანაჰეიმში უნდა მებრძოლა, თუმცა მაშინ წონის კლებასთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა და ოქტაგონზე ვერ გავედი. მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, ახლა წონის კლება იდეალურად მიმდინარეობს. აქ დაბრუნება ბევრს ნიშნავს, რადგან ცუდი გამოცდილება მქონდა, ახლა კი შემიძლია, ჩემპიონი გავხდე“, – განაცხადა ილია თოფურიამ.

 

ილია თოფურია MMA-ის კარიერაში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, მან 14 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა 26-ჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დამარცხდა, თუმცა UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ჯერ მარცხი არ აქვს და ქამრის დაცვა ხუთჯერ მოახერხა.

 

18 თებერვალს სუპერმსუბუქ წონაში ასევე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილი, მისი მეტოქე UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედალოსანი ჰენრი სეხუდოა. მერაბი ბრძოლას ზედიზედ ცხრა გამარჯვებით ხვდება და თუ კვლავ მოიგებს, დიდი ალბათობით, მისი შემდეგი დაპირისპირება საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner