ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმარისი მხარდაჭერა აქვს არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანას მოუტანა უწყვეტი მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რეალური დემოკრატია. დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. ათწლიან ჭრილში ქვეყანა მსოფლიოში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ათეულში მოხვდა. და რატომ არ უნდა გვქონდეს ამაზე საუბარი ჩვენს ხალხთან?“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა ამ ყველაფერს ხედავს და მმართველ გუნდს მხარს ამიტომ უჭერს.
„სამწუხაროდ, დღეს ალტერნატივა, რაც ჩვენს ამომრჩეველს აქვს, არის წამება, გაუპატიურება, საშინელება, სიკვდილი და ომი. ამას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და, სამწუხაროდ, ყველა პარტია მათზე არის მიწებებული. ყველა მათ თამაშს თამაშობს. სხვა თამაში არ არსებობს. არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა - მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და განვითარება და მეორე მხარეს არის უბედურება. დაგავიწყდათ, 2 წლის წინ რა დღეში იყვნენ? მათი მიზანი აქ მეორე ფრონტის გახსნა იყო. მათ მიზანი იყო უკრაინიზაცია. მათი მიზანი იყო ქვეყნის განადგურება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მეგობრებო. არ მივცემთ საშუალებას ამ ქვეყნის მოღალატეებსა და მტრებს, რომ ქვეყანა მეორედ დაანგრიონ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.