18 თებერვალს მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში მორიგ ბრძოლას ჩაატარებს, მისი მეტოქე ორგანიზაციის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეხუდოა.
იმავე დღეს ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. ეს იქნება პირველი შემთვევა, როდესაც ქართველი მებრძოლი MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
მოახლოებული ბრძოლის წინ დვალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ ის და ილია ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერას გრძნობენ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
„დიდი გამოწვევა მაქვს, ჩემი მეტოქე ჰენრი სეხუდოა, თუმცა მე პროფესიონალი ვარ და ყველა ბრძოლას ძალიან სერიოზულად ვუყურებ. ის სწორად ფიქრობს, თუ მე დამამარცხებს, საჩემპიონო ორთაბრძოლას მიიღებს, ხოლო თუ წააგებს, კარიერას დაასრულებს. ყველაფერი ან არაფერი, ეს მისი მენტალიტეტია და სწორედ ამიტომ ჰენრი სახიფათო მებრძოლია.
გამარჯვება მეც ძალიან მინდა, რადგან ჯერ სატიტულო ბრძოლა არ მქონია და მსურს, ის მივიღო. ეს შესანიშნავი იქნება ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის.
ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემთხვევაში თავის უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი, სამრაუნდიან დაპირისპირებაში ჰენრი ძალიან სახიფათო იქნება. კონცენტრირებული ვიქნები, მან იცის, რომ გამარჯვება შეუძლია, სხვა შემთხვევაში არ დამიპირისპირდებოდა.
სეხუდო ჩემზე უკეთესი მოჭიდავეა, ოლიმპიური ჩემპიონია და ახლა იმაზე არ ვფიქრობ, რამდენჯერ წავაქცევ ბრძოლის დროს. ჭიდაობის წესებით მომიგებდა, მაგრამ MMA-ში წარმატების კარგი შანსი მაქვს, რადგან ეს სხვა სპორტია, ეს ჩხუბია. ასე რომ, გამარჯვებაზე ვფიქრობ და არა მის მიწაზე გადაყვანაზე.
მე ვანში დავიბადე. ბავშვობაში ვჭიდაობდი, აქტიური ვიყავი. როდესაც ცხრა წლის გავხდი, თბილისში გადავედი და ძიუდოში ვარჯიში დავიწყე. ჩემი მიზანი ოლიმპიადაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა იყო, თუმცა 2008 წელს წესები შეცვალეს და სამბოში ვცადე ბედი. შემდეგ იყო MMA, მომეწონა და მივხდი, რომ ჩემი სპორტია.
ახლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება. ილია თოფურია საჩემპიონო ქამრისთვის იბრძვის, ხოლო მე – რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსისთვის. ქართველი გულშემატკივრები აღელვებულები არიან, ზოგიერთი მათგანი ბრძოლების სანახავად სტადიონზეც კი მიდის. ღონისძიებაზე დასასწრებადაც ბევრი ქართველი მოდის. მე და ილია ერთმანეთის წარმატებით ბედნიერები ვართ, ის ძალიან ბევრს შრომობს, ჭკვიანია და ორგანიზებული, მან ქამარი დაიმსახურა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა მეც დავიმსახურე, დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, თუმცა გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ. ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვების შემდეგ კი ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
პრესკონფერენციის ბოლოს მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს ქართულად მიმართა: „გენაცვალეთ, ქართველებო, ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. ეს საღამო აუცილებლად უნდა იყოს ჩემი და ილიას გამარჯვების დღე, ზეიმის დღე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.