„ქართული ოცნება“ რომ უკონკურენტოა და მას ფაქტობრივად ველზე არანაირი კონკურენტი არ ჰყავს, ეს არ არის სიახლე”, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„პრინციპში, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს 100-ზე მეტი მანდატის მიღმა ვის რამდენი მანდატი ექნება, მაგრამ რაღაც გარკვეული პროგნოზების გაკეთება შეიძლება. თუ გადალახა „ლელომ“, „გახარიების“ პარტიამ 5%-იანი ბარიერი, მინიმალური ოდენობით შემოვლენ ისინი პარლამენტში. რამდენიმე მანდატზეა შესაძლებელი საუბარი და ესეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. „ნაციონალური მოძრაობის“ ორთოდოქს ნაწილს, იმ გარკვეული მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც მას არჩევნებიდან არჩევნებამდე გააჩნია, ექნება გარკვეული შანსი, რომ ასევე მცირე რაოდენობის მანდატებით მოვიდეს. დანარჩენი ყველაფერი არის საზოგადოების გადასაწყვეტი. ჩვენც რომ ვამბობთ 113 მანდატზე, ეს ჩვენი სურვილია, თორემ საზოგადოებამ შეიძლება გადაწყვიტოს და მეტი მანდატი მიანიჭოს „ქართულ ოცნებას“ და არც ამაში იქნება არაფერი გასაკვირი. დაველოდოთ არჩევნებს. საბოლოოდ საარჩევნო ყუთთან გადაწყდება, თუ ვის აძლევენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხმას. მაგრამ „ქართული ოცნება“ რომ უკონკურენტოა და მას ფაქტობრივად ველზე არანაირი კონკურენტი არ ჰყავს, ეს არ არის სიახლე. კარგად ესმის ეს როგორც მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენც კარგად ვიცით უმრავლესობაში და იციან ჩვენმა პარტნიორებმა, მეგობრებმა, რომლებიც ხედავენ და აფასებენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.