"როდესაც სტატუსის მინიჭებამდე განცხადებებს აკეთებ ისეთს, რომელიც ამ პროცესს აფერხებს და მერე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესს აფერხებდა იწვევ და ეუბნები, რომ მოდით, ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, შტაბის უფროსი ხარ აბა ვინ ხარ?!" - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ვინც საქმეს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის, მას ბრალს დებდა საპირისპირო ქმედებაში პრორუსულისკენ მინიშნებით, ხოლო ვინც ხელს უშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას, მათ ეპატიჟება თავის პლატფორმაზე.
„ხელისუფლებას, რომელსაც მიანიჭეს სტატუსი და პრაქტიკულად ღიად, პრეზიდენტის სახელით ეძახი პრორუსს და ანტიევროპულს, შტაბის უფროსი ხარ აბა ვინ ხარ?! ვინც საქმეს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის, მას ბრალს დებდა საპირისპირო ქმედებაში პრორუსულისკენ მინიშნებით, ხოლო ვინც ხელს უშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას მათ ეპატიჟება თავის პლატფორმაზე. პრორუსულ ხელისუფლებებს ევროკავშირის წევრობის სტატუს არ აძლევენ - ეს აქსიომაა. ევროპის ინტერესშია, რომ საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ნიშნული რუკაზე იყოს დასავლეთის მხარეს და დასავლეთის დიდი ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანიც და ამომავალი წერტილიც.
ოპოზიციისთვის რომ მოგვესმინა ჩვენ ვერც სტატუსს მივიღებდით. როდესაც ჩვენი ქვეყნის საგარეო რისკები იყო ძალიან მაღალ ნიშნულზე, ყოველ დღე ამბობდნენ, რომ საქართველო არღვევს და გვერდს უვლის საერთაშორისო სანქციებს. ვისი კომპეტენციაა ამისი შეფასება, უმაღლესი პირები საქართველოში იყვნენ ჩამოსულები და მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველო იდეალურად ასრულებს ამ სანქციებს“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.