აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებს ინფორმაცია აქვთ, რომ რუსეთმა თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღის შემუშავების შესაძლებლობა მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ასეთი იარაღი ამჟამად ოპერაციული არ არის.
"ეს არ არის აქტიური შესაძლებლობა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ამ კონკრეტული შესაძლებლობის შექმნისკენ მისწრაფება შემაშფოთებელია, ის არავის უსაფრთხოებას არ ემუქრება. ჩვენ არ ვსაუბრობთ იარაღზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ადამიანებზე თავდასხმისთვის ან ფიზიკური განადგურების გამოწვევისთვის დედამიწაზე", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.