-
+
14 სექტემბერი. 2016. 14:41
გლობალური კვლევების ცენტრმა საექსპერტო სემინარი გამართა, რომელიც ვარშავის სამიტსა და, ზოგადად, საქართველოს დასავლური ორიენტაციის დინამიკას მიეძღვნა. სემინარში მონაწილეობდნენ ეწსპერტები იოსებ არჩვაძე, მამუკა არეშიძე, ვახტანგ მაისაია, პეტრე მამრაძე, ვასო კაპანაძე, ზაალ ანჯაფარიძე, სიმონ კილაძე, „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარე პეტრე მამრაძის განცხადებით, სამიტმა ჯეროვნად შეაფასა და დააფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
„ვარშავის სამიტი NATO-ს უდავოდ ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ფორუმი გამოდგა ცივი ომის დასრულების შემდეგ. „დათბობა" და „ხელახალი ჩატვირთვა" ისტორიას ჩაბარდა. ღიად და მკვეთრად ჩამოყალიბდა უსაფრთხოების პრიორიტეტები. ასეთივე მკვეთრი იყო კონკრეტული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. სამიტი, ბუნებრივია მსოფლიო მედიის და წამყვანი ექსპერტების ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ პუბლიკაციების ნიაღვარში საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები. თუმცა სამიტმა ჯეროვნად შეაფასა და დააფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ისიც გაითვალისწინა, რომ საქართველოს საზღვარი ჰქონია თავის ჩრდილოელ მეზობელთან. ეს ყველაფერი აისახა სამიტის კომიუნიკესა და NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში. ის რად ღირს, რომ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „MAP NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება" და არაფერია იმაზე ნათქვამი, თუ როდის შეიძლება მიიღოს საქართველომ ეს MAP.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქ-ნი თინა ხიდაშელი აცხადებდა, რომ MAP მას აღარ აინტერესებდა, რომ ჩვენ უნდა გადავახტეთ MAP-ს და პირდაპირ შევიდეთ NATO-ში. NATO-მ, ცხადია, ახლაც არ უღალატა ორმაგ სტანდარტებს. ვგულისხმობ მონტენეგროს NATO-ში მიღების ფონზე საქართველოს არჩევნებზე და სხვა სტანდარტებზე და „საჭირო პროგრესზე" საუბარს, მაგრამ ეს სრულიად უმნიშვნელო რამ არის იმასთან შედარებით, რომ NATO ამ ეტაპზე „უფრთხილდება საქართველოს". ისიც ნამდვილად დასაფასებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა არ განაცხადა, რომ საქართველოს სრულიად უსამართლოდ მოექცნენ და რომ ყველა პარამეტრით და სტანდარტით (გარდა იმ არაფორმალური ფაქტორისა, რომ ჩვენი ორი რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო და იქ სამხედრო ბაზები განათავსა, რუსეთთან საერთო საზღვრის ქონაზე რომ არაფერი ვთქვათ), ჩვენ ბევრად უფრო ვიმსახურებთ NATO-ს წევრობას, ვიდრე მონტენეგრო.
საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმალური გამოცხადებიდან 25 წელი, ანუ საუკუნის მეოთხედია გასული. ამ პერიოდმა ცხადყო, რომ ე.წ. ეროვნული მოძრაობიდან პოლიტიკაში მოსული ლიდერები ვერ ჩამოყალიბდნენ ვერც პოლიტიკოსებად და ვერც სახელმწიფო მოღვაწეებად. მათთვის დამახასიათებელია ყბადაღებული დილეტანტიზმი და პირადი და ვიწროჯგუფური ინტერესების ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დაყენება მაშინაც კი, როცა მათი ინტერესები ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება", - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ექსპერტ ვასო კაპანაძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა საქართველო კვლავ რჩება სუპერსახელმწიფოების დაპირისპირების ობიექტად რეგიონში, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე პერიოდულად იმეორებენ სულელურ თეზისს - „მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში".
2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2016 წლის NATO-ს ვარშავის სამიტის ჩათვლით, არ შეცვლილა გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის უარყოფითი პოზიცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანებიასთან დაკავშირებით.
ჯერ კიდევ 2013 წელს, საქართველოში გერმანიის მაშინდელი ელჩის ორთვინ ჰენიგის განცხადებით, რომ საქართველო ვერ გახდება NATO-ს წევრი მანამ, სანამ არ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო NATO-ს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს.
„ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, მაგრამ ამავდროულად, ვართ რუსეთის პარტნიორებიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთთან ჩამოყალიბებული ურთიერთობა და სტატუს-კვო უმნიშვნელოვანესია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი დასავლეთ ევროპისთვის". 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტიდან 2016 წლის ვარშავის სამიტამდე NATO-ში გაწევრიანების კუთხით საქართველოსთვის რეალურად არაფერი შეცვლილა. NATO-ს ქვეყნები კვლავინდებურად მხარს უჭერენ საქართველოს სწრაფვას NATO-ში და არა მის გაწევრიანებას ალიანსში. ანუ ჩვენთვის NATO-ს კარი სიტყვით ღიაა, საქმით კი დახურულია", - განაცხადა ორთვინ ჰენიგმა.
უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება და ევროპის უსაფრთხოების დღეს არსებული სისტემა გადახედვას საჭიროებს.
„2007 წელს რუსეთი „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებიდან" გავიდა, რამაც ევროპაში გეოსტრატეგიულ ძალთა ბალანსი დაარღვია. 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ევროპის უსაფრთხოების ზონაში სრულმასშტაბიანი კონვენციური ომის პრეცედენტი. ნატო კიდევ გაფართოვდა, ამჯერად ჩერნოგორიის მიღების ხარჯზე. 2014-2015 წლებში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია პირდაპირი დარტყმა იყო ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის. 2014 წელს ახალი „ცივი ომი" დაიწყო. ყველა ამ პირობის გათვალისწინებით, ახალი პოლარულობა ჩამოყალიბდება „ძალთა ბალანსის" პრინციპით და ეს უახლოეს მომავალში მოხდება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.