„ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. საქართველოში კანონებს იღებს პარლამენტი და კანონები მიიღება ქართველი ხალხის სახელით და მათი არჩეული პარლამენტის წევრების მიერ. რეკომენდაციებს ჩვენ ვიღებთ როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ, შესაძლოა არ გავითვალისწინოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა რეკომენდაციაა.
„სამი თემაა ჩვენს დღის წესრიგში, პირველი ეს გახლავთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმების ცვლილება, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მეორე გახლავთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ნორმებზე მსჯელობა და მესამე გახლავთ საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე საუბარი. დღეს ჩვენ ასევე ვთხოვეთ, რომ ამ ფორმატს დაესწრონ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების წარმომადგენლები იმისთვის, რომ მათთან ერთად განვიხილოთ ის, თუ რა შეიძლება შეიცვალოს, გაუმჯობესდეს ამ მხრივ. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. რა თქმა უნდა, მსჯელობის საფუძველი არის ვენეციის კომისიის დასკვნა სხვადასხვა საკითხზე. ასევე, თუკი დამატებითი იდეები არსებობს ამისთვისაც მზად ვართ, რომ მოვისმინოთ. როდესაც ვენეციის კომისიაზე ვსაუბრობთ, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, ვენეციის კომისიის დასკვნა გახლავთ რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, საქართველოში კანონებს იღებს პარლამენტი და კანონები მიიღება ქართველი ხალხის სახელით და მათი არჩეული პარლამენტის წევრების მიერ. რეკომენდაციებს ჩვენ ვიღებთ როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ, შესაძლოა არ გავითვალისწინოთ. ჩვენ გვაქვს ერთი მიდგომა, რომელზეც შეთანხმებული ვართ ევროკავშირთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ჩვენ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ან თუ არ ვითვალისწინებთ, ვხსნით, რატომ არ ვითვალისწინებთ. ეს არ გახლავთ დირექტივა და არ გახლავთ დოგმა, ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს არის ყოველთვის მსჯელობის საკითხი. როდესაც არ ხდება გათვალისწინება, მაგალითად როგორც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ჩვენ ვხსნით და განვმარტავთ კიდევაც, რატომ არ ვითვალისწინებთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი არგუმენტი უფრო წონადია ამ დროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.