იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.
„პოლიტიკური თვალთმაქცობა დავარქვათ, როდესაც განხილვის მაგიდასთან თანხმობას აცხადებ საკითხებზე და უმრავლესობის წარმომადგენლებს ეთანხმები, შემდეგ გამოდიხარ და კამერების წინ იტყუები. ეს არის სამწუხარო რამ, თუ ეს იკადრეს.
საკითხების უმრავლესობის შემთხვევაში დაგვეთანხმნენ, რომ სწორად დავსვით საკითხი და ეს რეკომენდაციები შესაძლებელია იყოს გათვალისწინებული. შემდეგ გამოდიან მედიასთან და ამის საპირისპიროს ამბობენ. ეს არის პოლიტიკური უხერხულობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მათი ცალკეული ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. პროცესში „ლელო“ არ მონაწილეობს.