მასობრივი მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა ანდერს ბრეივიკმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო.
ბრეივიკი იუსტიციის სამინისტროს იზოლაციის გამო უჩიოდა და აცხადებდა, რომ პატიმრობის პირობები მის უფლებებს არღვევდა.
ოსლოს საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრეივიკის პატიმრობის პირობები არ არის არაპროპორციულად მძიმე. ფსიქოლოგის შეფასებით, მსჯავრდებულს არც დეპრესია აქვს და ის არც სუიციდისკენ არის მიდრეკილი.
მსჯავრდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
„ის იმედგაცრუებულია ვერდიქტით. იზოლაციაში იმყოფება 12 წლის განმავლობაში და პირობების შემსუბუქება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციხეში მისი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა დაცვის მხარემ.
ულტრამემარჯვენე ანდერს ბრეივიკი სასჯელს იხდის 2011 წელს კუნძულ უტოიასა და ოსლოში 77 ადამიანის მკვლელობისთვის. მასობრივი მკვლელის მსხვერპლთა უმეტესობა სტუდენტები იყვნენ, რომლებიც კუნძულ უტოიაზე საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი. ბრეივიკს პატიმრობის მაქსიმალური ვადა, 21 წელი აქვს მისჯილი, რომელიც შესაძლოა, გახანგრძლივდეს იქამდე, ვიდრე მას საზოგადოებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.