„შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამუშაო და ინკლუზიური პროცესი სრულფასოვნად არის უზრუნველყოფილი, მათ შორის სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო სუბიექტების ჩართულობით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრას ეხებოდა.
„რაც შეეხება ოპოზიციას, ეს ოპოზიცია რადიკალურად სხვადასხვაგვარად იქცევა კამერებთან და კამერებს მიღმა. ანუ, მათი ქცევა სრულიად განსხვავებულია სამუშაო მაგიდასთან, როდესაც კამერები არ არის ჩართული და სრულიად განსხვავებულია, როდესაც კომენტარის გასაკეთებლად მედიასთან დგებიან. მიუხედავად იმისა, ისინი რას იტყვიან და როგორ მოიქცევიან, ფაქტი ისაა, რომ სამუშაო პროცესი უზრუნველყოფილია და ჩვენს მხარეს არგუმენტები საკმაოდ ძლიერია. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ოპოზიციას ზნე შევუცვალოთ, ამის ამბიცია და სურვილი არ გვაქვს, ჩვენი მიზანია, რომ წინ წავიწიოთ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით და ყველა გადაწყვეტილება იყოს არგუმენტირებული“, -აღნიშნა იონათამიშვილმა.
ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელსაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. სამუშაო შეხვედრაში არ მონაწილეობს „ლელო“, რომელმაც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.