logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ჩვენ მივიღეთ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო
- +

16 თებერვალი. 2024. 19:55

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წყლის რესურსების მართვის რეფორმასთან დაკავშირებით ბოლნისში გასვლითი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 



„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო და 2026 წლიდან ეტაპობრივად შევა ძალაში.

 



ჩვენ მივიღეთ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მისი აღსრულებისთვის ჩატარდეს შეხვედრები როგორც დაინტერესებულ პირებთან, ასევე რეგიონული მიმართულებით აღმასრულებლებთან, იმისთვის, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ შევძლოთ მისი განხორციელება. წყლის რესურსების სწორ მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვა. კანონი, რომლის მთავარი მიზანია საბოლოოდ მიღწეული იყოს წყლის კარგი ხარისხი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, აღსრულების თვალსაზრისით ერთ-ერთი რთულია. შესაბამისად, ჩვენ დღეს სწორედ რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ჩართულობით უნდა ვიზრუნოთ წყლის რესურსების გამოყენების სამომავლო პერსპექტივებზე, ისე რომ წყალი შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 



მისივე თქმით, ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ დეცენტრალიზაციისკენ გადაიდგა ნაბიჯი, რათა ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქტიურად იყოს ჩართული წყლის რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხში.

 



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო თხილავამ შეხვედრის მონაწილეებს წყლის რესურსების მართვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარება და კანონიდან გამომდინარე სიახლეები გააცნო. ასევე ისაუბრა კანონის ამოქმედების სხვადასხვა ეტაპზე განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

 



გასვლითი შეხვედრა USAID–ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner