logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ჩვენ NATO გვინდა მშვიდობისათვის და არა ომისთვის რუსეთთან, როგორც ეს გამოვიდა უკრაინაში
- +

17 თებერვალი. 2024. 10:00

 

 

NATO-ს კართან მიახლოება და იქ ნაბიჯის შედგმა თუ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნას გულისხმობს, უკრაინა ამ კუთხით ნამდვილად ჩვენზე გაცილებით წინ იმყოფება. ამაში შეჯიბრს ჩვენ არც ვაპირებთ და ეს ღიად აქვს გაცხადებული ჩვენს ქვეყანას, - წერს არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

 

კაკაბაძის თქმით, ოპონენტებმა უნდა ახსნან, რით უსწრებენ საქართველოს უკრაინა და მოლდოვა NATO-სკენ მიმავალ გზაზე, ჩამოყალიბდნენ პრიორიტეტებზე და გაერკვნენ პარტნიორების პრიორიტეტები არის თუ არა თავსებადი ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან.

 

„NATO და საქართველო

 

ბოლო ხანებში ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე „კეთილმოსურნეებმა“ გააძლიერეს აპელირება იმაზე, რომ 5-10 წლის წინათ თუ საქართველო იყო რეგიონული ლიდერი NATO-სკენ მიმავალ გზაზე, დღეს ის საკმაოდ ჩამორჩა უკრაინას და მოლდოვასო.

 

განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იმას, რომ ამ გზაზე დღეს ლიდერი უკრაინაა, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რით გაგვისწრო სამკვდრო-სასიცოცხლო ომში მყოფმა უკრაინამ.

 

NATO-ს კართან მიახლოება და იქ ნაბიჯის შედგმა თუ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნას გულისხმობს, უკრაინა ამ კუთხით ნამდვილად ჩვენზე გაცილებით წინ იმყოფება. ამაში შეჯიბრს ჩვენ არც ვაპირებთ და ეს ღიად აქვს გაცხადებული ჩვენს ქვეყანას. მაგრამ თუ NATO-ში შესვლის წინაპირობა დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანის უფლებების დაცვა, ან ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვაა, მაშინ უნდა გვითხრან, თუ რით გვისწრებს საქართველოს უკრაინა, სადაც აღარც ოპოზიცია არსებობს, არც თავისუფალი პრესა ან სასამართლო, არც თავისუფალი ბიზნესი და ეკონომიკა, აღარც საყოველთაოდ აღიარებული თავისუფალი არჩევნები. უფრო მეტიც, უკრაინა, როგორც სახელმწიფო შეწყვეტდა არსებობას, რომ არა მთელი მსოფლიოდან, ვალად აღებული ასეულ მილიარდობით დოლარის დახმარება.

 

გარდა ამისა, „NATO-სკენ მიმავალ გზაზე“ უკრაინამ მნიშვნელოვნად გაგვისწრო როგორც ტერიტორიების, ასევე მოსახლეობის რაოდენობის დაკარგვისა და ლტოლვილების ოდენობით.

 

ეს არის არა ნიშნისმოგებით ნათქვამი სიტყვები, არამედ რეალობა, რომლის გაცნობიერებაც არის ჩვენი სურვილი.

 

ქართველი ხალხის სწრაფვა NATO-სა და ევროკავშირისკენ, არ გულისხმობს თავით გადაშვებას დამღუპველ ავანტურაში.

 

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, NATO-სა და ევროკავშირს ვერ დავეთანხმებით, იმაში, რომ NATO-სკენ მიმავალ გზაზე, მიზანმიმართულად (ან გაუაზრებლად) ერის განადგურების ხარჯზე, დავიბრუნოთ ლიდერის პოზიცია.

 

მით უმეტეს, რომ NATO-ს ჩვენ კი არ ვაკლებთ თავსებადობას, არამედ NATO გვაკლებს დამაჯერებლობას, რომ ის შეძლებს ჩვენს დაცვას რუსეთის თავდასხმისა და აგრესიისგან.

 

მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, თუ რა დამართა შუაგულ ევროპაში მყოფ უკრაინას რუსეთთან ომმა და ჩვენ, კავკასიაში, რუსეთის მეზობლად, უკრაინელებზე ათჯერ მცირერიცხოვანმა ერმა რა წინააღმდეგობა შეგვიძლია გავწიოთ ისეთი, რომ დავიცვათ ჩვენი თავი?

 

ჩვენ არ გვსურს უკრაინასავით უზარმაზარი მსხვერპლის ფასად, მილიარდობით დოლარის კომპენსაციით დავკმაყოფილდეთ.

 

ოპონენტები მაშინვე გვეტყვიან, არავინ მოითხოვს ჩვენგან ომში ჩაბმას და მსხვერპლის გაღებასო, მაგრამ თუ ასეა, მაშინ გასაგებად უნდა აგვიხსნან, სხვა რით გვისწრებენ უკრაინა და მოლდოვა NATO-სკენ მიმავალ გზაზე?

 

ჩვენ NATO გვინდა მშვიდობისათვის და არა ომისთვის რუსეთთან, როგორც ეს გამოვიდა უკრაინაში.

 

 

ჩვენ ვერ მივცემთ ვერავის უფლებას, რომ ჩვენი ერის ნაწილი საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის.

 

ჩვენ ჩვენს პრიორიტეტებზე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ.

 

ჩამოვყალიბდეთ ამ პრიორიტეტების ჭეშმარიტებაში და შემდეგ შევადაროთ, რამდენად თავსებადია ეს ყოველივე მათთვის და მხოლოდ ამის მერე გავერკვეთ, ჩვენი პარტნიორების პრიორიტეტები არის თუ არა თავსებადი ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, - წერს ნანა კაკაბაძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner