logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს
- +

17 თებერვალი. 2024. 14:25

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ მაკვანეთში გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და “გურია ნიუსის” მიერ მომზადებულ რეპორტაჟს ეხმაურება, სადაც გამოთქმულია კრიტიკა სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით.

 

„15 თებერვალს “გურია ნიუსმა” მოამზადა რეპორტაჟი ოზურგეთში, სოფელ მაკვანეთში გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სადაც გამოთქმულია კრიტიკა სამუშაოების ხარისხთან და ახლადდაგებული გზის ხარვეზებთან დაკავშირებით.

 

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით: მაკვანეთში ე.წ. “ბაღების უბანში” გზის მშენებლობა ოზურგეთის მერიის ინიციატივით დაიწყო. გზის მშენებლობაზე ტენდერი წესების დაცვით კომპანია შპს “ფემინი კონსტრაქშენ გრუპ”-მა მოიგო (კომპანიის მენეჯმენტს კახა გაგუა და შალვა თავდიშვილი წარმოადგენენ). სამუშაოების დასრულების ვადად კი 2023 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2024 წლის 31 მარტი იყო განსაზღვრული. პროექტის დასრულებამდე, ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელიც უკავშირდებოდა ასფალტის საფარს. ზედამხედველი კომპანიის მიერ შედგა შესაბამისი აქტი. დღეისათვის კომპანია დაჯარიმებულია და 15 დეკემბრიდან დაიწყო ჯარიმის დარიცხვა. მერიის დაკვეთით მიმდინარეობს ლაბორატორიული ექსპერტიზა გზის საფარის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

 

ამ მიზეზების გამო, მშენებელ კომპანიას კონტრაქტის ფარგლებში ანაზღაურებული აქვს მთლიანი ხარჯის მხოლოდ 26%.

 

სრული თანხის ანაზღაურებაზე ოზურგეთის მერია გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ვიდრე არ გვექნება ექსპერტული დასკვნები, ხარვეზები სრულად და ამომწურავად არ გამოსწორდება და არ იქნება მიღწეული მთავარი მიზანი, რომ მაკვანეთს ჰქონდეს ახალი, ხარისხიანი საგზაო ინფრასტრუქტურა - როგორც ეს ტენდერის პირობებით და ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული,“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner