“გუშინ გვქონდა ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა. დაახლოებით 7 საათი ვმსჯელობდით ორ თემასთან დაკავშირებით და უმეტეს საკითხებზე, 98 პროცენტზე შევთანხმდით”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ერთადერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია აყენებს - გადაწყვეტილებები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით მიღებული იყოს პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთადერთი, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები პარლამენტში ითხოვენ, არის ის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნები წააგონ, მაგრამ გადაწყვეტილებები მათი მისაღები იყოს და დაბლოკვა შეეძლოთ. ამ საკითხს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმებით. ქართველი ხალხის დავალება და მანდატი ჩვენი გუნდის მიმართ არის, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ჩავუგდოთ არანაირი სახელისუფლებო ბერკეტი იმისთვის, რომ დაბლოკონ ეს გადაწყვეტილებები. ყველა სხვა საკითხზე სრულად შევთანხმდით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.