„ეს არის სწორედ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური განაცხადი და სიგნალი, რომელსაც „ქართული ოცნება“ თავის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით უგზავნის ყველას, ჩვენს კეთილმოსურნესაც და არაკეთილმოსურნესაც, რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური ორიენტირი ევროკავშირი გახლავთ“, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ევროკავშირი და NATO ირაკლი კობახიძისთვის უცხო ადგილი არ არის. როგორც პარლამენტის წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელს, პარტიის თავმჯდომარეს, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციებთან ამ გადმოსახედიდან ჰქონდა ურთიერთობა. ამდენად, ახლა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ მას პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტი ექნება ბრიუსელში, NATO-სა და ევროკავშირში. ეს არის სწორედ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური განაცხადი და სიგნალი, რომელსაც „ქართული ოცნება“ თავის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით უგზავნის ყველას, ჩვენს კეთილმოსურნესაც და არაკეთილმოსურნესაც, რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური ორიენტირი ევროკავშირი გახლავთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა ბრიუსელში 20 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრას, რომელიც ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება, გაუძღვება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი, ქართულ დელეგაციას კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.