ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სპორტში წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება დაეხმარება მას პარლამენტში საკანონმდებლო დონეზე სპორტის მხარდაჭერისთვის მუშაობაში.
„სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართვა სასარგებლოდ მიმაჩნია. პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც ხალხის ხმა უნდა ისმოდეს. ბევრია სპორტთან დაკავშირებული საკითხი, რომლებსაც მეტი აქტიურობა სჭირდება საკანონმდებლო დონეზე. პარლამენტის წევრობა საშუალებას მომცემს ამ კუთხითაც ვიმუშაო. მოსახლეობასთან შეხვედრისას ვხედავ, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებასთან ერთად, ყველაზე ხშირად ახალგაზრდები ითხოვენ სპორტულ მოედნებსა და ადგილებს, სადაც შეუძლიათ, სპორტით დაკავდნენ. ძნელია მოძებნო სხვა ისეთი სფერო, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ინტერესის და პრფესიის ადამიანებს და ამასთან ქმნის სამუშაო ადგილებს...
ამ სფეროში წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება საშუალებას მაძლევს, აქტიურად ვიმუშაო საკანონმდებლო დონეზე სპორტის მეტი მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ ხელისუფლება ხედავს ქვეყნისთვის სპორტის მნიშვნელობას, შეიქმნა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობა იწყება.
კენჭს იმ უბანში ვიყრი, სადაც გავიზარდე. ჩემს სახლთან მოედანი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა ფეხბურთი არც ამერჩია...
არ მწყინს მათი დამოკიდებულება, ვინც სკეპტიკურად უყურებს ჩემს სურვილს, გავხდე დეპუტატი. თვითონაც ვარ ხოლმე თვითკრიტიკული და სხვის მოსაზრებებსაც ვითვალისწინებ, მაგრამ ხომ ფუნქციონირებს პარლამენტში სპორტის კომიტეტი და რატომ არის გასაკვირი, თუ ყოფილ სპორტსმენებს გვინდა დავეხმაროთ საკუთარ უბანს, ქალაქს, ქვეყანას?! არ მგონია, რომ ბევრი პარტიის წარმომადგენელს ჰქონდეს გატანილი სპორტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა. ამიტომ წინასწარ ლაპარაკს, სჯობს, დავიცადოთ და ვნახოთ, ვინ როგორ იმუშავებს", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.