საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, სახელოვნებო განათლების სისტემის გამართვის, ხელმისაწვდომობისა და საკანონმდებლო ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნითი პანელური დისკუსია გაიმართა. თემატურ პანელის „სახელოვნებო განათლების რეფორმა“ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული კულტურის და ხელოვნების მნიშვნელობაზე და ამ ფასეულობების მოფრთხილებაზე ისაუბრა და ხელოვნების და კულტურის ევროკავშირში წარმოჩენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქართული კულტურა საჭიროებს შენახვას, თაობიდან თაობაზე გადაცემას, ასევე შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას.
„დღევანდელი ღონისძიება იმის ხაზგასმაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელოვნებო განათლება. ჩვენ ნამდვილად არ მივდივართ ცარიელი ხელით ევროპულ ოჯახში - ეს არის ჩვენი კულტურა, ხელოვნება და ამიტომაც ის უნდა იყოს ჩვენი განსაკუთრებული საზრუნავი. ჩვენ ევროკავშირში მივდივართ არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უნდა ეკონომიკური ინტეგრაცია კეთილდღეობით გამორჩეულ ორგანიზაციაში, ჩვენ, როგორც ევროპული კულტურის თანაშემოქმედებს, გვინდა ვიყოთ ამ ოჯახის ნაწილი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ და ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ფინანსურ საკითხებსა და სახელოვნებო განათლების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა
„სახელოვნებო სფერო ქვეყანაში დაზიანდა ე.წ გაუაზრებელი ცვლილებების შედეგად, რომელიც 2007 წელს განხორციელდა. მოხდა წყვეტა საფეხურებს შორის და დაზიანდა საშუალო რგოლი, რომლის სათანადო ფუნქციონირების გარეშე პრაქტიკულად გამორიცხულია სფეროს განვითარება და შემოქმედებითი გარემოს არსებობა“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
მისივე ინფორმაციით, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ჯერ კიდევ 2021 წლიდან დაიწყო თემატური შეხვედრები სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, ექსპერტებთან. ელისო ბოლქვაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა პანელური დისკუსიის ფორმატში არის ერთგვარი შეჯამება და დასკვნითი საჯარო განხილვა, რომელიც უახლოეს თვეებში გადაინაცვლებს საკანონმდებლო ორგანოში და აისახება ახალი კანონის სახით, რომლის იმპლემენტაციაც დაიწყება კანონის მიღებისთანავე.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
„სახელოვნებო განათლება არ არის მხოლოდ კონკრეტული სფერო, ეს ჩვენს სულიერებასთან დამაკავშირებელი პირდაპირი გზაა. ის მიმართულებაა, რომლითაც ვამაყობთ და რომლითაც ჩვენი ქვეყნის სახელი გაგვაქვს მსოფლიო მასშტაბით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ და სახელოვნებო განათლების საკითხებზე გამართულ შეხვედრებზე გაამახვილა ყურადღება.
„მიხარია, რომ ამდენი ქომაგი ჰყავს ამ მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ყველა იმ საკითხში, რაც საკანონმდებლო დონეზეა განსახორციელებელი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
დისკუსიის მონაწილეებს ასევე მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიამ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აგიტა ზარინა-სტურემ და ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ედიტე მედნემ.
პანელური დისკუსიის ფორმატში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების კულტურის სფეროს ექსპერტებსა და პედაგოგ-მასწავლებლებს სახელოვნებო განათლების საკანონმდებლო რეფორმის ძირითადი საკითხები გააცნეს.
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კულტურის კომიტეტის ინიციატივით 2023 წელს მასშტაბური პანელური დისკუსიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა, სადაც სახელოვნებო სფეროს 5000-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.