logo_geo
eng_logo
ალექსანდრე გეჯაძე: ეს იყო სისტემური ძალადობა!
- +

14 სექტემბერი. 2016. 15:36


 


„რაც ჩემი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში საკუთარი თვალით ვნახე, იყო რეჟიმი, რომელიც ადამიანებს აწამებდა და ასახიჩრებდა!" - ამბობს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის" ხელმძღვანელი, 34 წლის სამუშაო სტაჟის მქონე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელმაც რეჟიმის მიერ ნაწამები თუ მოკლული ათობით ადამიანის სხეული გამოიკვლია:


- „ვექტორი" საქართველოში ერთადერთი ექსპერტიზის ცენტრი იყო, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან დამოუკიდებლად არსებობდა. ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად ჩვენ მოგვმართავდნენ დაზარალებულები და გარდაცვლილთა ჭირისუფლები, რომლებსაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი ეპარებოდათ. მართალია, ეროვნული ბიუროსგან განსხვავებით „ვექტორის" მიერ გაცემულ დასკვნებს სახელმწიფო არ ანიჭებდა იურიდიულ მნიშვნელობას და არც სასამართლოები ეყრდნობოდნენ განაჩენის გამოტანის დროს, მაგრამ კლიენტები მაინც იყენებდნენ ევროპულ სასამართლოში შთაბეჭდილების შესაქმნელად... პირველად სწორედ „ვექტორმა" გამოიკვლია მსჯავრდებულ სულხან მოლაშვილის მდგომარეობა, დიდი ობიექტური დასკვნა, რასთან დაკავშირებითაც ძალოვნებმა ჟივჟივი ატეხეს, გვედავებოდნენ - ყალბი დასკვნა დაგიწერიათ, მოლაშვილის C ჰეპატიტი არ სჭირსო. არადა, შემდგომში ჩვენ მიერ დაფიქსირებული ეს და სხვა დაავადებებიც დადასტურდა, რის საფუძველზეც სტრასბურგმა საქართველოს სულხან მოლაშვილის მკურნალობა დააკისრა!


- ბატონო ალეკო, მახსოვს, რომ „ვექტორმა" სერგო თეთრაძის ცხედარი გამოიკვლია. რა დაადგინეთ?

 

- მანამდე არსებული ოფიციალური ვერსიით, პოლკოვნიკი არა ნაძალადევი სიკვდილით, არამედ გულის შეტევის შედეგად გარდაცვლილად ითვლებოდა. გამოძიებამ საჭიროდ ჩათვალა სერგო თეთრაძის ცხედრის ექსჰუმაცია და თავიდან გამოკვლევა, რაც იმდროინდელი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ბრძანებით, „ვექტორს" დაევალა. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ სხეული, გავკვეთეთ, ჩავატარეთ ძვლების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა და დავადგინეთ, რომ თეთრაძეს ჰქონდა დაზიანებები სახის არეში, აღმოვაჩინეთ ცხვირის ძვლების მოტეხილობა. დაიწერა ახალი დასკვნა, რომლის თანახმად, სიკვდილი შეიძლება დამდგარიყო ფიზიკური ზემოქმედების შედეგად!


- 26 მაისს ჯიხურის თავზე აღმოჩენილი ცხედრებიც ხომ თქვენ შეისწავლეთ?

 

- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომ ის ორი ადამიანი ჯიხურის სახურავზე გამავალი ელექტროკაბელებიდან დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა - ახალი ხელისუფლების მთავარმა პროკურატურამ საეჭვოდ მიიჩნია. ამ შემთხვევაშიც ჩატარდა ექსჰუმაცია. სამწუხაროდ, უკვე შეუძლებელი იყო კატეგორიული დასკვნის გამოტანა, თუ რამ გამოიწვია სიკვდილი, მაგრამ დავასახელეთ ფაქტორები, რის გამოც შეუძლებელი იყო სიკვდილის მიზეზებზე საუბარი. კერძოდ, არ შესრულდა ელემენტარული წესი, რომლის თანახმად გვამები შემთხვევის ადგილზე გამომძიებელთან ერთად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს უნდა დაეთვალიერებინა; არ გამოკვლეულა სადენი, საიდანაც დენის დარტყმით შეიძლებოდა სიკვდილი დამდგარიყო; არც მიცვალებულთა ტანსაცმელი გამოიკვლიეს იმ მიზნით, სადენის შემადგენელ ქიმიურ ელემენტებთან შეედარებინათ და ამაზე დაყრდნობით დაესკვნათ, გარდაცვლილები სიკვდილამდე ამ სადენს შეეხნენ თუ არა; რაც ყველაზე არსებითია - დენის დარტყმით სიკვდილზე მიანიშნებს სხეულზე (კანზე) დაფიქსირებული ე.წ. „ელექტროდამღა", რასაც კონკრეტული მორფოლოგიური აღწერილობა აქვს. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გარდაცვლილთა სხეულზე აღმოჩენილია „ელექტროდამღა", ჰისტოლოგიური კვლევისთვის საჭირო ფრაგმენტები მათ ლაბორატორიისთვისაც გადაუციათ... კანონის თანახმად, ეს ფრაგმენტები რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს, მაგრამ როდესაც „ვექტორმა" ნიმუშების ჩვენება მოითხოვა, აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბიურო მათ არ ინახავდა. არადა, ნივთმტკიცების განადგურება გამოძიების დასრულებამდე და განაჩენის დადგომამდე დაუშვებელია! როცა ოფიციალურად გეუბნებიან, რომ ფრაგმენტების შენახვა არ ხდება, უკვე ცხადია, რომ სიმართლის დადგენა მათ ინტერესებში არ შედის!


- ადამიანებზე ზემოქმედებას და წამებას ხშირი ხასიათი ჰქონდა? თქვენდამი მომართვების რაოდენობის მიხედვით შეგიძლიათ, ეს დაასკვნათ?

 

- საკმაოდ ხშირად მოგვმართავდნენ. ამის მიუხედავად, ამ მომართვების რაოდენობით მაინც ვერ ვიმსჯელებ მასშტაბებზე, რადგან მოსახლეობა ისე იყო რეჟიმისგან დაშინებული, მრავალ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების სურვილის გამოთქმასაც ვერ ბედავდა.


- ნაცები ახლაც ქილიკობენ მამაკაცების გაუპატიურების თემაზე და ირონიულად დასძენენ - ვინც ამას ამტკიცებს, ექსპერტის ცნობა წარმოადგინოს, რომ გაუპატიურებულიაო. რას იტყვის ამაზე თავად ექსპერტი?

 

- წარმოიდგშინეთ, როგორი რთული ფსიქოემოციური მდგომარეობაა მამაკაცისთვის, რომელიც მართლაც გააუპატიურეს!


როცა მამაკაცებს აუპატიურებდნენ და ვიდეოსაც უღებდნენ, ჯალათები სწორედ ამ ფაქტორით სარგებლობდნენ, რომ გაუპატიურებულმა მამაკაცმა, შესაძლოა, თავი მოიკლას, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ამ ფაქტს არ გაასაჩივრებს და არც ექსპერტს მიმართავს შესაბამისი დასკვნის გაცემის მოთხოვნით!


პირიქით - გაუპატიურებული მამაკაცი ყველა საშუალებას მიმართავს, რათა მისთვის მიყენებული შეურაცხყოფა დამალოს. აქედან გამომდინარე, „ვექტორისთვის" მსგავსი განცხადებით არავის მოუმართავს, თუმცა, ამაზე დაყრდნობით შეუძლებელია გამორიცხვა, რომ რეჟიმის დროს მამაკაცებს აუპატიურებდნენ!


- ნაცრეჟიმის დროს არაერთ ჭირისუფალს მიუსვენეს სახლში ოჯახის წევრის ცხედარი, შინაგანი ორგანოების გარეშე. რა მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთ შემთხვევებს?

 

- როცა ცხედრის ექსპერტიზა ტარდება, იკვეთება თავის, გულმკერდის და მუცლის ღრუს არეები. სხეულიდან ამოაქვთ ორგანოები და ამგვარად  იკვლევენ, ხოლო კვლევის დასრულების შემდეგ, ამ ორგანოებს ქაოსურად აბრუნებენ სხეულში და კერავენ ცხედარს. დაუშვებელია, ორგანოები ვინმემ გაანადგუროს და ცხედარი მათ გარეშე გადაეცეს ჭირისუფალს. ყველა ასეთი შემთხვევა იძლევა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ მოხდა სიკვდილის გამომწვევი მიზეზების გაყალბება! რადგან თუ ექსჰუმაციისა და ცხედრის ხელმეორედ გამოკვლევის აუცილებლობის საკითხი დადგება, შინაგანი ორგანოების არარსებობა სიკვდილის მიზეზების დადგენის შანსს შეამცირებს! შინაგანი ორგანოების კვლევით რიგ შემთხვევაში დიდი სიზუსტით დგინდება ხოლმე გარდაცვალების მიზეზები! შეგნებულად მხოლოდ ამ დასკვნით შემოვიფარგლები და იურიდიულ სფეროში შეჭრისგან თავს შევიკავებ!


- ძირითადად რის გამოსაკვლევად მოგმართავდნენ კლიენტები?

 

- ძალიან ხშირად მომმართავდნენ, რათა დამედგინა, პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები იყო თუ არა მათი წამების და ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგი. შეშინებული პატიმრები ჩვენებებში მიუთითებდნენ ხოლმე, რომ დაზიანებები მიიღეს საკანში დაცემის და საწოლიდან ჩამოვარდნის შედეგად... არადა, ხელკეტი, რომლითაც პატიმრებს უსწორდებოდნენ, სხეულზე კონკრეტული შესახედაობის სისხლნაჟღენთებს ტოვებდა. მეტსაც გეტყვით - გლდანის ციხეში პატიმრებს ზოგჯერ კომბლისებური ხელკეტით სცემდნენ, რომლის მომრგვალებულ თავს ეკლისებური წანაზარდები ჰქონდა და სხეულზე სპეციფიკური კვალი რჩებოდა!


- იმ ფაქტების გათვალისწინებით, რაც თქვენ გიხილავთ და გამოგიკვლიათ, როგორ შეაფასებთ წინა ხელისუფლების მმართველობას?

 

- რა თქმა უნდა, ეს იყო სისტემური ძალადობა, რომელშიც ჩართული იყვნენ ძალოვანი ორგანოებიც, პენიტენციური სტრუქტურაც და სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტებიც!

 

 

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner