ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა პოლიტიკაში მის ჩართვაზე ისაუბრა. კობიაშვილის თქმით, სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა სფეროა, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველგან ერთნაირად საჭიროა. როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, დეპუტატობა საყვარელი საქმის კეთებაში ხელს არ შეუშლის.
„სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა სფეროა, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველგან უნდა გქონდეს. მუდამ - მოედანზე გასვლისას თუ შემდგომ საქმიანობაშიც, ვმოქმედებდი იმ შეგნებით, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს წარმოვადგენდი. ასე რომ, პასუხისმგებლობის გრძნობა უცხო არ არის ჩემთვის. მე მუდამ ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი და ასე იქნება პარლამენტში არჩევის შემთხვევაშიც. დეპუტატს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მათთან, ვინც ენდო, ვისი წარმომადგენელიც არის საკანონმდებლო ორგანოში.
მერწმუნეთ, დეპუტატობა არც შემცვლის და არც ხელს შემიშლის საყვარელი საქმის კეთებაში, პარლამენტის წევრობა ჩემს საფეხბურთო საქმიანობას არ დააზარალებს! ამის მთავარი შეფასება იქნება პროექტები, რომლებსაც მე და ჩემი გუნდი ერთად ვახორციელებთ.
აქტიურად ვიქნები ჩართული ფედერაციის მუშაობაში, როგორც დღეს. იყო დრო, როცა სფფ-ში ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა, ახლა კი გვყავს ძლიერი გუნდი, რომლის ყველა წევრს თვალდახუჭული ვენდობი, სადაც ყველას თავისი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აქვს. პარლამენტში ჩემი არჩევის შემთხვევაშიც ყველანი ძველებური შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას. ვიმეორებ - ფეხბურთის ფედერაციას ლევან კობიაშვილი არ დააკლდება!" - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.