„მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზრის მიმართულებით. კერძოდ, 2023 წლის ოთხივე კვარტალში გაგრძელდა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება. შედეგად, დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და 1.335 მილიონი შეადგინა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. დასაქმების დონე 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ასევე მაქსიმალური 44.5% შეადგინა. რაც შეეხება უმუშევრობას, 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით განისაზღვრა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამის მიუხედავად, უმუშევრობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
„ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. კერძოდ, ჩვენი მიზანია, რომ უმუშევრობის დონე შევამციროთ იმ ნიშნულამდე, რომელიც ევროპის და ზოგადად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.