„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მულტფილმ „სიზმარას“ ადარებს ოპოზიციის მცდელობას შექმნას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი. როგორც ის აცხადებს, ოპოზიციას აქვს სიზმრებით და ფანტაზიებით ცხოვრების უფლება, მაგრამ იქნება თუ არა ქვეყანაში კოალიციური მმართველობა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს.
„ნუ შეწუხდებიან იმით, თუ რას გადაწყვეტს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს - კოალიციურ მთავრობას თუ რაიმე სხვას. რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ სიზმრებს, ცნობილი მულტფილმია „სიზმარა“ - აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდევ ვარსკვლავები... დაირიგეს მინისტრების პორტფელები ვარსკვლავებივით, ოღონდ არ ვიცი, ახლა ვინაა სიზმარა - სააკაშვილი, კეზერაშვილი თუ ხაბეიშვილი. პრემიერ-მინისტრი ვაშაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ამაზეც ერთმანეთს დახოცავენ...
ეს მათი საქმეა და უფლება აქვთ, ასეთი სიზმრებით და ფანტაზიებით იცხოვრონ. მაგრამ რეალობა კი, ის იქნება, რომ ყველას გასაგონად, მსოფლიოს გასაგონად საქართველოს საზოგადოება გადაწყვეტს, კოალიცია იქნება საჭირო ქვეყანაში თუ არა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კოალიციური მთავრობის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ. ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრად გიორგი ვაშაძე, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, შს მინისტრად დიმიტრი შაშკინი და ინფრასტრუქტურის მინისტრად მამუკა ხაზარაძე სახელდებიან.